მეუფე იაკობისა და სახალხო დამცველი შეხვედრა დასრულდა. ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში შემდეგი კვირის ბოლოს, ნინო ლომჯარიასთან ერთად ჩავა.
მეუფე იაკობის განცხადებით, არცერთი თანამშრომელი, რომლებზეც პანსიონის აღსაზრდელებს პრეტენზია აქვთ, დაწესებულებაში აღარ იმუშავებს.
''ჩვენ გულღია საუბარი გვქონდა. მიმოვიხილეთ პრობლემები და შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში. შეხვედრის დროს პრეტენზიები არ ყოფილა, აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი. უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ დაძაბული სიტუაცია.
ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არ არის. ზოგთან იყო პრეტენზიები. ასეთი დიდი დაწესებულებები სადაც არის, ეს არის ძალიან მოძველებული ფორმა. ასეთები რომ იყოს არ შეიძლება, იმიტომ მიდის ეს ცვლილებები'' - განაცხადა მეუფემ.
ბოდბელ ეპისკოპოსს პრეტენზიები ჰქონდა ჟურნალისტებთან დაკავშირებით. განაცხადა, რომ მედიის წევრებს პანსიონზე ალყა აქვთ შემორტყმული და ამის გამო, ბავშვები დიდ სტრესს ღებულობენ.
თქვენ გთხოვთ, ჟურნალისტებმა მოგვცეთ საშუალება, ალყა რომ გაქვთ დარტყმული. დიდი სტრესია ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან ან სტრესიდან. თქვენ თუ არ დასტრესავთ იქ მცხოვრებ ადამიანებს კარგია. უკვე აღარ არის დაძაბული სიტუაცია, თქვენ თუ აღარ დაგვიძაბავთ იქ ჟურნალისტები.
ალყა, რომ გაქვთ ყიზილბაშებივით შემორტყმული, ბავშვები გუშინ გეუბნებოდნენ წადით გარეთ გვინდა სეირნობა და თქვენს გამო ვერ გამოვდივართო, რატომ უშლით ხელს?'' - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობის განმარტებით, ნინოწმინდის პანსიონში დღის ცენტრი განთავსდება. მისივე თქმით, ისინი ყველა რჩევას და რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.