საქართველოში საშუალო ხელფასი 1,256 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

16 ივნისი 2021, 12:31 2585 ნახვა

საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით);

• მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით);

2021 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში