ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები და ქართული ოცნების დეპუტატები შევიდნენ. ბავშვებთან საუბრის პროცესს თვალ-ყურს ადევნებს მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავდაპირველად ბავშვებთან გასაუბრება ყველა მათგანის თანდასწრებით შედგება, შემდეგ კი ბენეფიციარებთან ინდივიდუალური გასაუბრებები გაიმართება.
პანსიონში შევიდნენ შსს-ის მანქანებიც. ისინი გუშინ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს გააგრძელებენ. ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონიდან, საკუთარი სურვილით გაიყვანეს 6 ბავშვი. გადაყვანას ითხოვს კიდევ 10 აღსაზრდელი. პანსიონში, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა.
ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის ინფორმაციით, სხალთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობა ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წელში კი პანსიონში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 4 საქმეა აღძრული 3 ძალადობის, ერთი კი სექსუალური ძალადობის მუხლით.