ქართველ გადამზიდავებს, რომლებსაც ყაზახეთში პრობლემა შეექმნათ ნებართვებს მისცემენ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

07 მაისი 2021, 18:14 1343 ნახვა

საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებულმა მძღოლებმა, რამდენიმე დღის წინ, ბათუმში აქციას გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ პროდუქციით დატვირთული მანქანები საზღვარზე ჰყავდათ გაჩერებული და ნებართვების არ ქონის გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ. 

მათი თქმით, ყაზახეთის მთავრობამ მოულოდნელად მოითხოვა მესამე ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვა, რის გამოც ქართული სანომრე ნიშნის მქონე მანქანები 4 000 დოლარით დააჯარიმეს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სანებართვო სისტემა ​28 აპრილიდან ამოქმედდა.

შალვა ურიადმყოფელის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ყაზახეთის ტერიტორიაზე ან მიდიოდნენ აღნიშნული ქვეყნისკენ, პრობლემები შეექმნათ. 

''პრობლემა იყო ძირითადად ის, რომ ქართველი გადამზიდავები შევიდნენ უნებართვოდ ყაზახეთის ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც 28 აპრილს ამოქმედდა შეთანხმება. ქართულმა მხარემ, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ყველაფერი გააკეთა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილიყო გარკვეული რაოდენობის ნებართვები ყაზახური მხარისგან და მომხდარიყო მათი გამოყენება ტვირთის გადაზიდვისთვის. რაც შეეხება პროცედურებს მომავალი კვირიდან ველოდებით გარკვევას, თუ როგორი სახით მოხდება აღნიშნული ნებართვების გაცემა. პრობლემა, რომელიც წარმოიქმნა ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი იყო'', - აცხადებს შალვა ურიადმყოფელი.

სახმელეთო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით გადამზიდავებისთვის, რომლებსაც მიაქვთ ტვირთი ყაზახეთის მიმართულებით, იმყოფებიან საქართველოს, რუსეთის ან ყაზახეთის ტერიტორიაზე ეტაპობრივად მოხდება ნებართვის გაცემა.

''თუ რა სახით მოხდება ნებართვის გაცემა, გადამზიდავებს ამის შესახებ ინფორმაციას, ყაზახურ მხარესთან დაზუსტების შემდეგ მივაწვდით. დამატებით ნებართვებზე მოლაპარაკება ამ დრომდე მიმდინარეობს'', - აცხადებს სახმელეთო სააგენტოს ხელმძღვანელი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი