ქობულეთში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა - დაშავდა 2 ადამიანი

20 აპრილი 2021, 12:19 6756 ნახვა

ქობულეთში, ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა.

წაქცეულმა ხემ ცენტრალური საავტომობილო გზა ჩახერგა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი.

ისინი ქობულეთის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები არიან და ადგილზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთ მათგანს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორეს კი მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ქობულეთის ევექსის ჰოსპიტლის, ქირურგიული განყოფილების უფროსი აჭარის მაუწყებელთან საუბრისასა ამბობს, რომ პაციენტების მდგომარეობა შემოყვანისას იყო სტაბილურად მძიმე.

ანზორ მიქელაძის განცხადებით, 45 წლის ქალისა და ამავე ასაკის მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, მიმდინარეობს კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება თუ როდის გაეწერებიან ისინი ბინაზე.

კიდევ ერთი შემთხვევა ე.წ ემტეესის დასახლებაში მოხდა, აქ ქარმა ევკალიპტის ხე წააქცია, რომელიც სახლს დაეცა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წაქცეულმა ხემ გარე განათების ბოძები და სადენები დააზიანა. ​შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახური ბრიგადები და ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ჯგუფები იმყოფებიან. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 

ე.წ ემტეესის დასახლებაში დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

 

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ე.წ ემტეესის დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას უკვე აღუდგა. 

მერის მოადგილის განმარტებით, ხის წაქცევას დასახლების პარალიზება არ გამოუწვევია, რადგან მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს.

დავით ვერულიძის თქმით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და უახლოეს პერიოდში მოძრაობა სრულად აღდგება. მისივე განცხადებით დაშავებული, გამწვანების ორი თანამშრომლის მდგომარეობაც სტაბილურია და ისინი მალე ბინაზე გაეწერებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი