შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები 20 წლის მარიკა დავითაძე მისი ბავშვობის ოცნების ახდენას იწყებს.
სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტი 6 თვის განმავლობაში რადიკალურად სხვა სპეციალობას შეისწავლის.
ამბობს, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა სულ უნდოდა, როცა სოციალური ქსელის მეშვეობით ამ პროექტის შესახებ გაიგო დაინტერესდა, გაიარა კონკურსი და სწავლაც დაიწყო.
ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით წარმატებული იქნება. არჩევანის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო, ამავდროულად ფიქრობს რომ ის სტერეოტიპები, რომლებიც სხვადასხვა არაქალური პროფესიების ირგვლივ არსებობს არასწორია.
მიაჩნია, რომ თუ ადამიანს რაღაც მოწონს და სურვილი აქვს ყოველთვის შეძლებს იყოს კონკურენტუნარიანი.
"პროფესიას არ აქვს გენდერი“- ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია ,,მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC'' ნიდერლანდების სამეფოსთან ერთად ახორციელებს. სწორედ ამ პროექტით ისარგებლებს ანა და მასთან ერთად მაღალკონკურენტიან გარემოში შერჩეული გოგონებიც.
პროექტის მიზანია პროფესიის არჩევისას არსებული გენდერული სტერეოტიპების განათლების გზით დაძლევის პრეცედენტის შექმნა.
ორგანიზაციაში კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ქალთა მხრიდან პროფესიის არჩევაზე ბევრი სტერეოტიპული ფაქტორი ახდენს გავლენას. როგორც წესი, ქალები არ ირჩევენ ისეთ საქმეს, სადაც უმეტესად კაცები მუშაობენ. არადა, ასეთი პროფესიები ხშირად უფრო შემოსავლიანია, ვიდრე ე.წ. ქალური პროფესიები.
"აღნიშნულ სტერეოტიპს ბევრი მიზეზი განაპირობებს, ერთ-ერთია ის აზრი, რომ ქალმა უნდა დაუთმოს ბევრი დრო ოჯახს. არ შეიძლება აირჩიოს ისეთი პროცესია, რომელიც მისგან მოითხოვს მეტ ძალისხმევას, მეტ განათლებას, შრომას, დაღლას, თუმცა ასეთი პროფესიები მეტად შემოსავლიანია. ქალებს ეუბნებიან, რომ თქვენ უნდა გახდეთ პედაგოგები, ექთანი, მომვლელი, სადაც ხელფასები საკმაოდ დაბალია.
არსებული კვლევების მიხედვით 100%-ით ავტომექანიკოსი ქალი არ ხდება. 1 პრეცენდენტიც კი არ არის, სადაც შეიძლება ქალი ნახოთ ავტომექანიკოსი ან ამ სფეროში. იქ სადაც მეტი ანაზღაურებაა იქ ქალს არ უშვებენ"-აცახდებს MFC ერთ-ერთი დამფუძნებელი ხატია ახალაია.
იმაზე, რომ ქალების მონაწილეობა ე.წ კაცურ პროფესიებში ძალიან დაბალია არაერთი საერთაშორისო კვლევა მეტყველებს. ცნობილია, რომ მათი წილი 1-1,5% არ აღემატება. პრობლემა განასაკუთრებით მწვავედ განვითარებად ქვეყნებშია. დასავლეთის და ევროპული ტიპის ქვეყნებში ასეთი გამოწვევები უკვე დაძლეულია.
სპეციალისტები იმ ბარიერებზე საუბრობენ, რომლებიც ქალებს ხელს უშლის თავი დაიმკვიდრონ მაღალანაზღაურებად პროფესიებში.
გაეროს ქალთა ფონდის კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 ქალი შევიწროების მსხვერპლია.
"საქართველოში ქალები დასაქმებულია ისეთ პროფესიებში როგორიცაა საექთნო, ფარმაცევტულ საქმეში. ამის მიზეზი არის ის რომ ქალებს არ უშვებენ "მეუღლეები", კაცების დომინირებულ სფეროში. ასევე ის, რომ ქალს დარჩეს მეტი დრო ოჯახისა და აუნაზღაურებელი შრომისთვის, რასაც ოჯახში ეწევიან"-აცხადებს MFC დამფუძნებელი ნათია კობერიძე.
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქალების ეკონომიკურად გაძლიერება და იმ სტერეოტიპის დაძლევაა, თითქოს ქალს ფული არ სჭირდება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება ძალადობის ყველაზე კარგი პრევენციაა.
1.კომპიუტერული ტექნოლოგიები
2.ავტომექანიკოსი
3.ავეჯის ტექნოლოგი
4.სამშენებლო საქმის ტექნოლოგი
ამ მიმართულებებით 4 კომპანიამ უკვე გამოთქვა მზაობა მისცეს შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი განათლება. 6 თვის განმავლობაში ასწავლოს მათ არჩეული საქმიანობა და სამომავლოდ მისცეს დამოუკიდებლად ან კომპანიაში დასაქმების შანსი.
გარდა ამისა შერჩეული კანდიდატები, იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრონ კაცების მიერ დომინირებულ გარემოში MFC- დან მიიღებენ სპეციალურ კურსს ქალების უფლებებზე, სექსუალური და პიროვნული განათლების მხრივ. მათ ეცოდინებათ თუ როგორ დაიცვან თავი შესაბამის გარემოში.
ტექნოლოგიური მიმართულებაზე შერჩეული კანდიდატებისთვის სწავლების კურსს ხვალიდან დაიწყებენ, დანარჩენ 3 მიმართულებაზე კი განაცხადების მიღება 28 აპრილს სრულდება.