აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რეგიონში გამოვლენილი ახალი შემთხვევების დინამიკას თუ გადავხედავთ მცირედი მატება ფიქსირდება.
ნონა ეფაძე ამბობს, რომ ციფრები საყურადღებოა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობაში ვირუსი ცირკულირებს.
მისივე თქმით, მარტთან შედარებით ბოლო პერიოდში 1,3%-იანი მატება შეინიშნება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ აცრებზე ჯავშნები ბოლო დღეების განმავლობაში გაზრდილია. ისინი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს. ნონა ეფაძის თქმით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსის გამო რეგიონის მასშტაბით სულ 5 სკოლა დაიხურა, მათგან 4 ქობულეთში, 1 ბათუმში.
"დახურული სკოლების რაოდენობა არ გაზრდილა, ამ კვირაში 5 სკოლა დაიხურა. ამ სკოლებში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლების საკითხი სრული პერსონალის გეგმიური ტესტირებისა და რისკების შეფასების შემდეგ გადაწყდება.
მოსწავლეებში ინფიცირების შემთხვევები არის, ეს მოსალოდნელიც იყო ოჯახური კონტაქტების გამოც. ამ ეტაპზე ქობულეთის #6 სკოლის დახურვა არ განიხილება, რაც შეეხება ლეღვას სკოლას ის დახურულია, მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, გუშინ ტესტირების შედეგად კორონავირუსი კიდევ 4 მოსწავლეს დაუდასტურდა, ეს ძირითადად საოჯახო კონტაქტებია"-განაცხადა ნონა ეფაძემ.