განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, ეპიდსიტუაცია უარესდება - ამირან გამყრელიძე

06 აპრილი 2021, 19:42 1283 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისივე თქმით, თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობა მოიმატებს, საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში  მძლავრი შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგება.

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით. ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების", - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, ქვეყანა ინფექციის ინტენსიური შიდა გავრცელების და მესამე ტალღის წინა ეტაპზე იმყოფება.

"დღეისთვის, მეტ-ნაკლებად მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ესაა სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ამიტომ, ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე. პირველ რიგში საჭიროა განსაკუთრებული დისციპლინა, დავიცვათ მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს. დღეს 51 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი და ის 90 პროცენტამდე უნდა ავიყვანოთ, დავიცვათ ჰიგიენა, დისტანცია, ავარიდოთ თავი დიდი თავშეყრის ადგილებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი