სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე - ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს, მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ დახმარებას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან დასაფასებელია მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო ასეთი რთული გამოწვევების დროს.
პრემიერმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის საქმიანობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით არაერთი პროექტის დაფინანსებისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფას, რაც ჯამში 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ინიციატივა, დააფინანსოს საგზაო პროექტები, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელს, რომელიც 12 აქტიური საინვესტიციო და განვითარების პროექტისგან შედგება და ჯამში 928 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მოხარული ვარ, რომ მთავრობას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე რამდენიმე საკვანძო სფეროში: სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ადამიანური კაპიტალი. შევეხეთ ასევე კონკურენციის საკითხებს, რეფორმებს და მიმაჩნია, რომ ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი შთამბეჭდავი გვაქვს. მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა შეხვედრის შემდეგ.