''დღეს პრეზენტაციაზე მცირე და საშუალო ბიზნესი ბევრჯერ ახსენეს, იმედს ვიტოვებ ეს პროგრამა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთი ჰექტრიდან დაწყებული, 100 ჰექტრამდე ტერიტორია სჭირდება, საშუალება ექნება ღია აუქციონში მიიღოს მონაწილეობა'' - ამბობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს პროექტის ''100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციას ესწრებოდა.
ნინო ზამბახიძე ფიქრობს, რომ შეთავაზებული თანხა გონივრული უნდა იყოს, რადგან მცირე მეწარმეებმაც შეძლონ პროექტში მონაწილეობის მიღება.
მისივე თქმით, მოხდება კერძო და სახელმწიფო საკუთრების გამიჯვნა, რაც ქვეყანაში ამ დრომდე დიდ პრობლემად რჩება.
''არ ვიცით რა არის კერძო საკუთრება და რა არის სახელმწიფო. სახელმწიფოს აქვს გარკვეული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნაკვეთები, რომელიც ეკონომიკურ აქტივობაში ჩართული არ არის. ვერც სახელმწიფო იღებს შეღავათს და ვერც მეწარმე აკეთებს ინვესტირებას. პროექტი ბიზნეს მისცემს საშუალებას, გააკეთონ ინვესტიცია, ამავდროულად დასაქმების საშუალებაც არის. ლარის დევალვაციისა და შემცირებული შემოსავლების პირობებში რამდენად შეძლებს ბიზნესი პროცესებში ჩართვას, ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა ბევრისგან მსმენია, რომ უნდათ აუქციონებზე მიწების შეძენა და ის სახელმწიფოს არ გამოჰქონდა.
პროექტები რომელიც აუქციონზე გამოვიდა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა, ეს ნიშნავს რომ ნელ-ნელა იწყება ამოცნობა რა არის კერძო საკუთრება და რა არის სახელმწიფო. ეს მიწის რეგისტრაციას დაეხმარება. მიწების, შენობების თუ უძრავი ქონების ეკონომიკაში ჩაბრუნება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკური დოვლათი შეიქმნას'' - ამბობს ნინო ზამბახიძე.
პროექტი ''100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება. იზრდება სახელმწიფო ბალანსზე არსებული ობიექტებისა და მიწის ნუსხა, რომლის პრივატიზებაც იგეგმება. საუბარია დაახლოებით 400 მილიონი ლარის ქონებაზე. შეთავაზებები განკუთვნილია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისთვის, როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესის შემთხვევაში. ქონების ნაწილი ბიზნესმენებს საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცემათ.
საპრივატიზებო ნუსხაშია: სასოფლო სამეურნეო მიწები, სააგარაკე ობიექტები, სახელმწიფო საწარმოები, წიაღისეულის საბადოები, ავტობანზე გასაჩერებელი ადგილები. ყველაზე მეტი, 37 ობიექტის არის თბილისში, 30 იმერეთში, ხოლო 8 აჭარაში.
ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სპეციალურ რუკაზე მომხმარებელს საშუალება ექნებათ, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.
2021 წელს პროექტის ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი იქნება 50 სახელმწიფოს ნაწილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს პრივატიზება. მარტის ბოლომდე იგეგმება 10 ობიექტის აუქციონზე გატანა, დანარჩენი კი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე მომზადდება საინვესტიციოდ.
საპრივატიზაციოდ მომზადებული საწარმოების ჩამონათვალი:
შ.პ.ს “ზუგდიდის ფარმაცია” – 306 000 ლარი
“თბილისის N1 სტომატოლოგიური კლინიკა” – 266 000 ლარი
“დეზინფექციის, დეზინსპექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალური ზედამხედველობის ცენტრი” – 246 000 ლარი
“ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის” 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51% წილი – 1 014 000
“საზღვაო ტექსერვისი” – 2 263 800 ლარი
“ხაშურის მინის ტარა” – 633 211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,0935% წილი – 747 200 ლარი
“საყალიბე ქვიშები” – 49% წილი – 550 841 ლარი
“ჭიათურის ავტოსადგური” – 49% წილი – 166 700
“თერმული წყლები” – 1 511 000 ლარი
“უნიონი” – 20% – 399 000 ლარი
პროგრამაში ჩართვა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით არიან დაინტერესებული. მაგალითად: პოლიმეტალების, სამთო-ქიმიური ნედლეულის, საშენი მასალები და მიწისქვეშა წყლები.
ეკონომიკის სამინისტროს პრეზენტაციის მიხედვით, ერთ-ერთი ობიექტი ქედაში, სოფელ მერისშია. სპილენძის, პოლიმეტალებისა და ოქროს საბადო, რომლის საწყის ღირებულებადაც 3 000 000 ლარია მითითებული.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება და უცხოური ინვესტიციები ეროვნული ვალუტის მდგრადობას განამტკიცებს. ნათია თურნავას თქმით, 150 ობიექტიდან ნახევარზე მეტი ახალია და გასაყიდად პირველად გადის, ნაწილი კი ძველია და პირობების შეცვლა მოხდა.
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს მოიცავს.