წლევანდელი ბიუჯეტი 519 მლნ ლარით გაიზრდება

11 ივლისი 2024, 12:16 528 ნახვა

პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი იძლევა ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას.

„მთლიანობაში, შეგვიძლია, 519 მლნ ლარით გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი – განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურის და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 10 მილიონი – რეგიონულ განვითარებას და ინფრასტრუქტურას, 6 მილიონით გაიზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, ცესკო-ს დაემატება 3 მილიონი ლარი, 60 მილიონი ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიების ბიუჯეტი და 102 მილიონი დამატებით გადაეცემა მუნიციპალიტეტებს. ასეთი არის შემოთავაზებული განაწილება, რის მიხედვითაც მომავალში ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში