საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა.
მანამდე დანიელსონმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრთან.
გუშინ კრისტიან დანიელსონი შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა.