დღეს არ არის იმის გარჩევის ფუფუნება და რეალური მოცემულობა, დავიწყოთ რჩევა, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ - ზაზა ავალიანი

26 მარტი 2021, 16:12 1115 ნახვა

''დღეს არ არის იმის გარჩევის ფუფუნება და რეალური მოცემულობა, დავიწყოთ რჩევა, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, რომელია უმჯობესი, რომელს აქვს გვერდითი მოვლენები უფრო მეტი ან ნაკლები, რომელიც გენეტიკურ შთამომავლობაზე აისახება და სხვა ასეთი. კითხვებზე პასუხი გაცემულია იქ, სადაც საჭირო იყო'' - ამბობს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი. პროფესორი ზაზა ავალიანი, დღეს, აჭარაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, სარგებელი, რომელსაც ვაქცინაცია მოსახლეობას მოუტანს, გაცილებით უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია. 

"ყველას კარგად გვახსოვს გასული წლის პანდემიური შემოდგომა. განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, როცა მაღალი იყო მიმართვიანობა, სიკვდილიანობა. დღეს სამედიცინო საზოგადოება და ყველა ის, ვის აზრსაც მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის აცხადებს, რომ არ განმეორდეს ის რაც მოხდა, აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია.

დისტანცირება, პირბადეების ტარება, ახლა დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, რომელშიც ჩართულია ქვეყანა. ჩვენი პირველი ფრონტის მებრძოლები, მედიკოსები პირველები ვიყავით ვინც დავიწყეთ ეს პროცესი, შესაბამისად ჩვენ, თეთრხალათიანები, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ვაქცინა არის ჩვენი მაშველი რგოლი კორონავირუსის წინააღმდეგ. ერთადერთი გზა ეს არის ის პოპულაციური იმუნიტეტი, რომელზეც მედიკოსები საუბრობენ. ეს არის ის სწორი ქმედება, რაც შესაძლებელია განხორციელდეს. ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.

არ შეიძლება, თუნდაც რთი ტრაგიკული შემთხვევის განზოგადება, არ იქნება სწორი და მართებული, რადგან ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს, რისკის ქვეშ ვაყენებთ. ასე რომ მოვუწოდებ ყველას აქტიურობისკენ'' - აცხადებს ექსპერტი. 

ზაზა ავალიანის თქმით, საზოგადოება რეგულაციებს ნაკლებად იცავს, რაც მესამე ტალღის რისკებს აჩენს. 

''ჩვენ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ვხედავთ, როგორ მოეშვა საზოგადოება, როგორ დაივიწყეს პირბადის ტარების წესები. გადავიდნენ ნიკაპბადეზე, ყელბადეზე. დღეს მიდის მსჯელობა იმაზე ჩაირთოს თუ არა მუსიკა რესტორანში, ერთად უფრო ახლოს დავჯდეთ თუ უფრო მოშორებით. დღეს ამ კითხვების დასმის დრო არ არის, დღეს არის გაფრთხილების და თავიდან აცილების დრო'', - აცხადებს ზაზა ავალიანი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი