გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

25 მარტი 2021, 10:41 862 ნახვა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ ინიცირებულ და საბჭოს მიერ 24 მარტს მხარდაჭერილ დოკუმენტში: „თანამშრომლობა საქართველოსთან“, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით.

რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს.

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიერ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ გლობალური მოწოდების მიუხედავად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მზარდი დარღვევებისა და ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვის გამო.

რეზოლუცია ასევე საუბრობს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რასაც ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვები იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, განსაკუთრებით - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სამედიცინო ევაკუაციაზე უარისთქმა, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა. ყოველივე აღნიშნული, კოვიდ-19 პანდემიასთან ერთად, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტრულ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას.

რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების მკვლელობების ფაქტებზე ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო, რაც ხელს უწყობს ადგილზე დაუსჯელობის წახალისებას. 

რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. 

საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეო-მიმართვის საშუალებით წარადგინა. გამოსვლაში მან ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მისი თქმით, მიუხედავად საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა ორივე რეგიონში შესვლის საშუალება, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავ ხელს უშლის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.  

''მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანგარიშში ასევე მართებულად არის ხაზგასმული, რომ 2014-2019 წლებში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას, რამაც შეიძლება შემდგომი ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვიოს.  თავის გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გაგრძელება კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია, თუ როგორ მანიპულირებს ადამიანების ბედით საოკუპაციო რეჟიმი.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებს საკუთარი, შორს მიმავალი მიზნებისთვის, რათა საქართველოს მთავრობაზე განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და მოახდინოს ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების დაშვების აუცილებლობას'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში