პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის  - მამუკა მდინარაძე

09 იანვარი 2025, 14:09 164 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.

მისივე განცხადებით, კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და შესაბამისი დასკვნა სექტემბრისთვის მზად იქნება.

„სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისავის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართვეკლოს კანონმდებლობით შესაბამისად შემდგომი ზომების მიღების და დამნაშავბეტა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით,  დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს დანაშაულებში ან ჰქონდეს ღირებული ინფორმაცია.

„დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში