შეთანხმებაში მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე - კელი დეგნანი

24 მარტი 2021, 23:36 754 ნახვა

კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

"ვცდილობთ, მათ მოახერხონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება. მათ აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ მხარეებს აქვთ ერთმანეთის მოსმენის სურვილი, მსჯელობენ  პრობლემატურ საკითხებსა და პრიორიტეტებზე, განიხილავენ შესაძლო კომპრომისების გზებს. არც შეთავაზებების ნაკლებობა შეინიშნება, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა, რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ ამ განსხვავებულ პოზიციებზე. ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგან წინ და წავიდნენ კომპრომისებზე.

კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. გასულ კვირაში, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია არ იყო მზად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. როგორ დასრულდება ეს პროცესი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ აქ მიღწეული შედეგი დააბრუნებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სწორ გზაზე. როგორც ვთქვი, ნატო-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს, ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები“, - განაცხადა ელჩმა. 

მისივე განცხადებით, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა რთული ნაბიჯების გადასადგმელად. ასევე უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არაა სისუსტის ნიშანი.

"მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად, როგორც ამას საქართველოში ვხედავთ და ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი. არც ერთ პარტიას არ მიუღია უმრავლესობა გასული ოქტომბრის არჩევნებში და მარტივი ფაქტია, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს და ვერ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტერესებს კომპრომისზე წასვლის სურვილის გარეშე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი