მთავარი მსოფლიოში

24 მარტი 2021, 20:01 1161 ნახვა

სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა, რომელიც  2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის გამო გამოცხადდა.  პარალელურად    საყოველთაო სამხედრო მობილიზაციაც დაიწყო.  2020 წლის 10 ნოემბერს კი  ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა სამმხრივ განცხადებას.   საომარი მდგომარეობის გაუქმება წინაპირობა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, რომელიც  სომხეთში  20 ივნისს ჩატარდება.

თურქეთს ახალი კონსტიტუცია ექნება - ამის შესახებ   პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, ძირითადი კანონის  შემუშავების ძირითადი ეტაპი 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.  ახალი კონსტიტუცია  1982 წლის ვერსიას შეცვლის, რომელიც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების ფონზე შეიქმნა. ახალი კანონმდებლობით ერდოღანს პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოება შეუძლია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ისევ იყაროს კენჭი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის კონსტიტუციის ახალი დებულების თანახმად, საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება, შესაბამისად პუტინი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას კიდევ 2 ვადით შეძლებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით  აიცრა. კონკრეტულად რომელ ვაქცინას მიანიჭა პუტინმა უპირატესობა იცის მხოლოდ მან და მისმა ექიმმა.  პესკოვის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.  მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ  პუტინი საჯაროდ აცრას არ აპირებდა, რადგან მას ეს არ მოსწონს.

რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები ძალიან რთული რჩება, ნატო შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული  ქმედებებით-აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.  რუსეთი აძლიერებს რეპრესიულ ზომებს საკუთარ ტერიტორიაზე, ხოლო მის ფარგლებს გარეთ აგრესიულად იქცევა- აღნიშნა სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ორდღიანი სხდომის დასრულების შემდეგ. რუსეთს საშიში მეზობელი უწოდა ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურმა ჟოზეფ ბორელმა,  ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნებისთვის სამხედრო საფრხეს წარმოადგენს.

მულტიმილიარდერმა და ტესლა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ  ტესლას მარკის ელექტრომობილების შეძენა  უკვე კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი.  ახლა ტესლას შეძენა ბიტკოინებით შეიგიძლიათ-წერს მასკი ტვიტერზე.  ტესლას ხელმძღვანელმა მილიარდნახევარი დოლარის ბიტკოინი შეიძინა, რომლის შემდეგაც უკვე მიმდინარე წელს  კრიპტოვალუტით მისი ელექტრომობილების გაყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა.  ჯერჯერობით ეს ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-ში  იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში