ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

18 მარტი 2021, 15:26 3924 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი და სოფელ ქაქუთის მაჟორიტარი ვიტალი ქარცივაძე დააკავეს. ფაქტს ადასტურებს ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე. მისივე განცხადებით, ქარცივაძის დაკავება სავარაუდოდ  მიწის აღიარების კომისიაში დაფიქსირებულ გადაცდომებს უკავშირდება.

ვიტალი ქარცივაძე მიწის აღიარების კომისიაში ნაკვეთების დაკანონების საკითხზე მუშაობდა. იგი მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია.

მომხდარზე რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.  განმარტავენ, რომ დეპუტატი  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავდროულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რაშიც ნათესავის შუამავლობით ქრთამის სახით მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 2000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - აცხადებენ სუსში.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში