საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები.
ირაკლი ღარიბაშვილმა სვენ მიკსერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს და ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა კონსტრუქციული დიალოგისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა პროცესში მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა პარტნიორებისთვის.
აღინიშნა, რომ მხარეებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მიღწეულ იქნას კომპრომისული გადაწყვეტილება და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს.