ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას - პია კაუმა

07 იანვარი 2025, 20:28 151 ნახვა

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ – არა, ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას“, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პია კაუმამ უპასუხა კითხვას, „ეუთო/ოდირს რომ მსგავსი ანგარიში ფინეთში ჩატარებულ არჩევნებზე გამოექვეყნებინა, გაგიჩნდებოდათ თუ არა კითხვები თქვენი მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით?“.

„იცით, დავფიქრებულვარ ამაზე. ჩემი აზრით, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ სრულყოფილი არავინაა – ყველა ქვეყანაშია ისეთი საკითხი/თემა, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს, ვერავინ დაიკვეხნის, რომ დემოკრატიის საბოლოო, ფინალურ დონეს მიაღწია. ყოველთვის არის გასაუმჯობესებელი საკითხები. მაგრამ ფინეთის შემთხვევას თუ მოვარგებთ ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას“, – განაცხადა პია კაუმამ.

ამასთან, პია კაუმამ აღნიშნა: „მესმის, რომ ზოგი ამას ასე შეიძლება აღიქვამს, მაგრამ ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ჩვენი ვიზიტი ხელისუფლების აღიარებად წარმოჩენილიყო, ვინმესთვის ლეგიტიმაცია შეგვეძინა. ჩვენ ასე არ ვიქცევით, ეს არც ჩვენი საქმეა და არც ჩვენი მანდატი“.

პია კაუმას განმარტებით, ეუთო-ს ფუნქციაა არჩევნებზე დაკვირვება და რეკომენდაციების შესრულებაში დახმარება.

„ჩვენ გვსურს, ნეიტრალურები დავრჩეთ. ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს, ვეხმარებით ნაკლოვანებების აღმოჩენა-ანალიზსა და რეკომენდაციების შესრულებაში. ეს არის ჩვენი ფუნქცია. ჩვენ არ გვსურს, რომელიმე მხარეს დავდგეთ“, – განაცხადა პია კაუმამ.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენი გადმოსახედიდან, ეს მთავრობა ლეგიტიმურია?“, – პია კაუმამ განაცხადა, რომ ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების გადასაწყვეტია.

„მე ამას ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, ეს თქვენი საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების გადასაწყვეტია. მე ამ საკითხზე ვერაფერს განვსაზღვრავ“, – აღნიშნა პია კაუმამ.

ამასთან, პია კაუმამ განმარტა, რომ საქართველოში მათი ვიზიტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა შედეგიანი, თუ ყველა მნიშვნელოვან მხარეს შეხვდებოდნენ.

კერძოდ, კითხვაზე, „თუ სწორად გავიგე, ვიზიტის გაუქმების მიზეზი ის კი არ იყო, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს ეთანხმებოდით ან მათ შეშფოთებას იზიარებდით, არამედ ის, რომ მათ უარი თქვეს, შეგხვედროდნენ ამ პირობების დაკმაყოფილების გარეშე. და არ გინდოდათ, მხოლოდ ხელისუფლებას შეხვედროდით?“, – პია კაუმამ უპასუხა: „დიახ, რადგან თუ თბილისში ჩამოვიდოდი და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდებოდი, ეს ზუსტად იმ სურათს შექმნიდა, რაც არ მინდოდა მეჩვენებინა – თითქოს ჩვენ ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ არის ჩვენი მანდატი, ამის გაკეთება არ გვსურს და არც ვაკეთებთ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამ ძალიან რთულ და დაძაბულ ვითარებაში ჩვენი ვიზიტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა შედეგიანი, თუ ყველა მნიშვნელოვან მხარეს შევხვდებოდით“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში