დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამეფო ოჯახთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. „დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა არაფერი უნდა თქვას, როდესაც საქმე სამეფო ოჯახს ეხება“, - ამბობს ბორის ჯონსონი. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული იყო დედოფლით. 8 მარტს, ტელეკომპანია სი-ბი-ეს-მა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც წყვილთან პოპულარულმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ჩაწერა. ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად ეკითხებოდნენ მათ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ახალშობილს ჰქონოდა.