უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში

09 მარტი 2021, 12:41 725 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მათივე ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია და ამ კუთხით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და დაწესებული შეზღუდვების უმეტესობის შემსუბუქება მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის სწორად გამოყენებაა და სოციალური დისტანციის დაცვა. ხაზი გაესვა მოქალაქეების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენის აუცილებლობას, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას და გაჩნდება მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება.

როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი ამოქმედდა. კერძოდ, სამთო კურორტებზე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით განახლდა საბაგიროების მუშაობა; შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს რესტორნებმა; ასევე, დასაშვები გახდა არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც სავაჭრო მოლების, ისე ბაზრობებისთვის. ამ ეტაპზე ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებს.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი