საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დახმარებისთვის 4-მა ქართველმა მეზღვაურმა მიმართა.
მათივე ინფორმაციით, მეზღვაურები ესპანელმა სამართალდამცავებმა ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში დააკავეს.
"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 2021 წლის 22 თებერვალს შემოვიდა ინფორმაცია, რომ 4 ქართველი მეზღვაური ითხოვდა დახმარებას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის დაუკავშირდა დროშის სახელმწიფოსა და გემთმფლობელი კომპანიის ქვეყნის საზღვაო ხელისუფლების წარმომადგენლებს. იმავდროულად დაიწყო გემის ძებნა საერთაშორისო სატელიტური და სხვა წყაროებით, თუმცა იმ მომენტისთვის გემის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსგან მიღებული დადასტურებული ინფორმაციით, გემი ჩაიძირა ესპანეთის სანაპიროსთან და გემის ეკიპაჟი, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე დაკავებულნი არიან ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს ოთხივე მოქალაქეს მიეჩინათ სახაზინო ადვოკატები და მათი უფლებები არის დაცული.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უშუალო კონტაქტზეა ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან და უწევს მათ დახმარებას თავისი შესაძლებლობისა და უფლებამოსილების ფარგლებში"- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ამოიღეს 3000 კილო კოკაინი, რომლის ღირებულება ევროპულ შავ ბაზარზე დაახლოებით 180 მილიონი დოლარია, რაც ბევრად აღემატება გემის ღირებულებას.
მათივე ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, რომლებიც საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან.
რაც შეეხება ავარიას, სპეციალური რეაგირების ხომალდი გაგზავნილია ჩაძირვის ადგილზე, რათა აღმოიფხვრას ნებისმიერი დაბინძურება, რომელიც შეიძლება გამოვიდეს ზედაპირზე.