"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით აქციები ძალაში რჩება, თუმცა იცვლის ფორმებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ნიუანსი და ზედმეტი საბაბი არ მიეცეს ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლაზე სასაუბროდ.
"ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით აქციების დროს ფიზიკურ კონტაქტს სამართალდამცველებთან ადგილი არ ექნება.
"ეს ადამიანები აშკარად მხოლოდ საბაბს ეძებენ საზოგადოების და გარე მეგობრების შეცდომაში შესაყვანად, მათ მოვუსპობთ ამ საბაბს. ფიზიკური კონტაქტს გამოვრიცხავთ უშუალოდ რა აქციებიც დავაანონსეთ იმ აქციების დროს"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივნის განცხადებით ნიკა მელიას დაკავების გამო ისინი აქციებზე უარს ვერ იტყვიან.
"აქციები ძალაში რჩება, თუმცა ვფიქრობთ ფორმებზე, რომ ნაკლები პროვოცირების შანსი ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ არ დაგვაბრალოს, რომ ვართ აგრესიულები. დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ამიტომ ამ აქციებზე უარს ვერ ვიტყვით" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
"ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება გადმოდგმული კონკრეტული ნაბიჯები შესაძლოა დაგეგმილ აქციებში კორექტირება შევიდეს.
"ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია ოცნების მხრიდან არ არის, გარდა იმისა, რომ დღეს გამოვიდნენ და გაიმეორეს, რომ არჩევნების თემა წითელი ხაზია, გუშინ ეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრაზე არ უხსენებია. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაგრძელდება საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დღეს ხელისუფლების კომენტარები იყო სრულიად უადგილო, რადგან პიკეტირება არის კონსტიტუციური ფორმა.
თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება გადმოდგმული კონკრეტული ნაბიჯები ჩვენ გავითვალისწინებთ ევროპელი მეგობრების თხოვნასაც და შეიძლება გარკვეული კორექტირება დაგეგმილ აქციებში შევიტანოთ, თუმცა არ მგონია, რომ 13 რიცხვის აქციას რაიმე ცვლილება უნდა შეეხოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.