აშშ-ი პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნების შესახებ ოფიციალური განცხადებიდან 30 დღის შემდეგ დოკუმენტს ისევ შეუერთდა. ნათქვამია სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. ბლინკენი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაბამისს დოკუმენტს ხელი მოაწერა 20 იანვარს თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი კლიმატის ცვლილებების საკითხებს ყველა დონის ყველაზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე წამოჭრის. ეს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების, მიგრაციის, საერთაშორისო ჯანდაცვის საკითხებში, ასევე დიპლომატიურ და სავაჭრო მოლაპარაკებებზე-განაცხადა ბლინკენმა.
ფინეთის მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. კორონავირუსის არსებობაზე ტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში ფულადი ჯარიმა ან სამთვიანი პატიმრობა შესაძლოა დაწესდეს. შესაბამისი კანონპროექტი დღეს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სამინისტრომ შეიტანა. კოვიდ-19-ის ეპიდემიის დროს რეგიონულ სახელმწიფო ორგანოს აეროპორტში აუცილებელი სამედიცინო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. თუ ადამიანი უარს ამბობს აუცილებელ სამედიცინო შემოწმებაზე, მას ან დააჯარიმებენ ან სამი თვით დააპატიმრებენ-ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში. ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს და დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი ხელს მოაწერს. კანონი 22 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ არაბთა გაერთიანებლი საამიროებისგან მტკიცებულების წარდგენა მოითხოვა, რომ დუბაის ემირის ქალიშვილი პრინცესა ლატიფა ცოცხალია. ამის შესახებ ტელეარხი სქაი-ნიუსი იუწყება. ამ მოთხოვნის მიზეზი პრინცესის გაუჩინარებაა. გასული წლის ზაფხულიდან მედიამ ვერ შეძლო მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება. მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სამეფო ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. ამის შემდეგ საქმეში გაეროც ჩაერთო. გაეროს კომისიაში განაცხადეს, რომ შესაბამისი საკითხი ჟენევაში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლობაში დასვეს. პრინცესა ლატიფა ქვეყნიდან გაქცევას 2018 წლის თებერვალში ცდილობდა. იგი ინდოეთის სანაპიროებთან დააკავეს და სამშობლოში ძალით დააბრუნეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლატიფა სახლში ოჯახთან ერთად იმყოფება. რამდენიმე დღის წინ დასავლური მედია წერდა, რომ პრინცესა ლატიფა დუბაის ემირს ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული.
50 ადამიანი იმსხვერპლა ანომალურმა სიცივემ აშშ-ში. მონაცემებს ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებს. გამოცემის თანახმად მიმდინარე კვირას 30 ადამიანი მხოლოდ ტეხასში დაიღუპა. ნაწილი მხუთავი აირით გაიგუდა, როცა გათბობას ცდილობდა ან გაყინულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. უჩვეულოდ ყინავს და თოვს აშშ-ის რიგ რეგიონში. სტიქიამ ყველაზე მეტად ტეხასის შტატი დააზარალა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ტეხასის შტატში, დალას-ფორტ-უერთში, ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე დაეცა, რამაც 1903 წელს დაფიქსირებული რეკორდი მოხსნა.ძლიერი ქარბუქისა და უპრეცედენტო ყინვის გამო აშშ-ის დიდ ნაწილში ვაქცინაციის ცენტრების მუშაობა შეფერხდა. ქვეყანაში უამინდობა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.