ქობულეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერი ორგანიზაციები უერთდებიან კამპანიას #პროტესტის100დღე.
მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს: ''საქმეზე შეიცვალოს კვალიფიკაცია და გამოძიება წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – იმ დაშვებით, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
გამოძიება ჩატარდეს ყოვლისმომცველად და სათანადოდ შეისწავლოს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები, მათ შორის, გამოძიება უნდა დაინტერესდეს გოგონას განზრახ მკვლელობის ან გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის თაობაზე გავრცელებული ვერსიით. ასევე, გამოძიებამ უნდა გამოავლინოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ან/და დაფარვის შესაძლო შემთხვევები, ხოლო პროკურატურამ უზრუნველყოს ყველა შესაბამისი პირის პასუხისგებაში მიცემა;
შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სქესობრივი დანაშაულების მუხლები და თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობა გახდეს მათი ცენტრალური ასპექტი;
შეიცვალოს სექსუალური ძალადობის საქმეებზე შეუსაბამოდ მაღალი და დისკრიმინაციული მტკიცებულებითი მოთხოვნები, რაც დამნაშავეთა დაუსჯელობას იწვევს;
გაუმჯობესდეს კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი დროული გამოვლენა, ფაქტის შესაბამისი ორგანოებისთვის შეტყობინება, მყისიერი რეაგირება და ბავშვის მდგომარეობაზე შემდგომი ზედამხედველობა, მათ შორის, ბავშვისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება. ამ მიზნით, სახელმწიფომ გააგრძელოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის შექმნაზე, ე.წ. „ბარნაჰუსის მოდელზე” ინტენსიური მუშაობა;
კვალიფიკაციისა და მგრძნობელობის ამაღლების მიზნით, განხორციელდეს გამომძიებელთა, პროკურორთა, მოსამართლეთა, სოციალურ მუშაკთა და ყველა იმ პირთა ინტენსიური სწავლება, რომლებსაც არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების ვალდებულება აქვთ.
გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან ინტენსიური და ეფექტიანი მუშაობის მიზნით;
შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც განახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებაზე.
შესწავლილი იქნეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გამოიჩინეს სამსახურებრივი გულგრილობა ნინის საქმის მიმართ'' - წერია დოკუმენტში.
არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ საგამოძიებო უწყება სექსუალური ძალადობის დასადასტურებლად ითხოვს მტკიცებულებების ხისტ, შეუსაბამოდ მაღალ და დისკრიმინაციულ სტანდარტს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ამგვარი დანაშაულების უდიდეს უმეტესობაში დამნაშავის დასჯის შესაძლებლობას.
"2020 წლის ივნისში და დეკემბერში 13 წლის გოგო მასზე 10 წლით უფროსმა მამაკაცმა გააუპატიურა. დეკემბერში საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დამნაშავე პასუხისგებაში არ მიცემულა. 2021 წლის 9 თებერვალს 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. სამართალდამცავებმა მამაკაცი მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს.
გოგონას მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა საზღვარგარეთ მუშაობდა და იგი ბაბუასთან იზრდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგო ბაბუისგან ძალადობის მსხვერპლი იყო, ხოლო ბიძებმა, როცა გაუპატიურების შესახებ შეიტყვეს, აღნიშნული ბავშვს დააბრალეს და სასტიკად სცემეს. ამას ადასტურებს გოგონას ბაბუის კომენტარიც, რომელმაც განაცხადა, რომ არასრულწლოვანმა თავის მოკვლით გაუპატიურება, ანუ მისი ,,დანაშაული” გამოისყიდა. ასევე, იკვეთება, რომ მამაკაცი გოგონას ქორწინებას ჰპირდებოდა, რათა სქესობრივ კავშირზე მოტყუებით დაეყოლიებინა.
იმის მიუხედავად, რომ საქმეში არასრულწლოვნის გაუპატიურება ცხადად იკვეთება, პროკურატურამ ბრალი პირს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წაუყენა, რაც სრულწლოვნის მიერ 16 წელს მიუღწეველთან თანხმობით განხორციელებულ სექსუალურ კავშირს ნიშნავს.
თანხმობის მხოლოდ ტექნიკურ დაფიქსირებას არ აქვს სამართლებრივი ძალა. სტამბოლის კონვენციის 36-ე მუხლის თანახმად, თანხმობა უნდა იყოს თავისუფალი და პირის ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგი, რაც უნდა შეფასდეს გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით. გაუპატიურებაზე მიუთითებს არასრულწლოვნის მოწყვლადობა და დამნაშვის მიერ მისი მდგომარეობის ექსპლოატაცია, რაც გამორიცხავდა თანასწორი, თანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობას:
მსხვერპლის ასაკი (13 წელი) და მოძალადესა და მსხვერპლს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი განსხვავება (10 წელი);
მსხვერპლის მშობლების არყოლა, გარემო მხარდაჭერის არარსებობა;
ძალადობრივი ოჯახური გარემო, რომელშიც ბავშვი ცხოვრობდა და მისი სურვილი საზღვარგარეთ დედასთან გადასულიყო საცხოვრებლად;
მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ გაცემული ცრუ დაპირება ქორწინების თაობაზე (რაც შესაძლოა გოგოს არსებული მდგომარეობიდან თავის დაღწევის იმედს აძლევდა), რათა მსხვერპლი სქესობრივ კავშირზე დაეყოლიებინა; არასრულწლოვნის მიმართ გაცემული ნებისმიერი დაპირება სექსუალურ ურთიერთობის სანაცვლოდ ან მასთან კავშირში, მის ნამდვილ ნებაზე ახდენს ზემოქმედებას;
მოძალადის ფსიქოლოგიური უპირატესობა – მსხვერპლის ბავშობის ასაკისა და სავარაუდოდ არამდგრადი ემოციური მდგომარეობის გამოყენება მის ნებაზე ზემოქმედების მოსახდენად;
მოძალადე დიდი ალბათობით კარგად აცნობიერებდა სოციალური და კულტურული გარემოდან გამომდინარე იმ მძიმე შედეგებს, რასაც მისი ქმედებები მსხვერპლის ცხოვრებაში გამოიწვევდა;
ცხადია აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული/გამოწვეული ტანჯვა, რამაც ბავშვი სავარაუდოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
ზემოხსენებული გარემოებები გამორიცხავს არასრულწლოვნის თავისუფალ და ნებაყოფლობით თანხმობას. თუმცა, ასეთი შემთხვევების თანხმობად ავტომატური მიჩნევა და ქალების და გოგოების მძიმე გამოცდილების უგულებელყოფა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებსა და საზოგადოებაში გავრცელებული პრაქტიკაა. საზოგადოება კვლავ სასტიკია მსხვერპლი ქალების და გოგოების მიმართ და ამ შემთხვევაშიც გაკიცხა არასრულწლოვანი გოგო, რომელიც მარტო აღმოჩნდა ძალადობის პირისპირ, მამაკაცი ნათესავები კი, გარდაცვალებამდე, მას სასტიკად, ფიზიკურად გაუსწორდნენ - წერია განცხადებაში.