ეპიდემიოლოგები გაწერილ გეგმას ელოდებიან, საბაგიროების გახსნაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის - გამყრელიძე 

03 თებერვალი 2021, 12:37 790 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საბაგიროებისა და მთის კურორტების ასოციაციების წარმომადგენლებისგან გაწერილ გეგმას ელოდებიან. ამირან გამყრელიძის თქმით, მოლაპარაკება და მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა დასკვნა, რომ საბაგიროების ფუნქციონირება უსაფრთხოა არავის დაუდია. 

''ჩვენი ეპიდემიოლოგები მონაწილეობენ შეხვედრებში, კარგი თანამშრომლობა არის, მაგრამ ისინი ელოდებიან გეგმას გაწერილს, რომ შეფასდეს. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. 

რატომღაც ყველას შთაბეჭდილება რჩება, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს. ცენტრი არის ერთი დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს მოსაზრებას, მაგრამ საბჭო იღებს კონსესუსით გადაწყვეტილებას. ბევრი მსჯელობაა. პროცესში ვართ. საბაგირო გზების და სამთო კურორტების ასოციაციამ გვთხოვა ეპიდემიოლოგებს მოლაპარაკებაში მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დასკვნა დაიდო. 

ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე და რისკებზეა დამოკიდებული, რომელი სეგმენტია მომატებული და სად არის რისკი ვირუსის გავრცელებისა'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი შალვა აბრამიშვილი ამბობს, რომ კურორტების გახსნა დაგვიანდა, 20 თებერვლის შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები აღარაფერს შეცვლის. 

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არის. 

''იმედი აღარ გვაქვს, რომ კურორტები გაიხსნება. სანამ ესენი გეგმას გადააგზავნიან, რეკომენდაცია გაიწერება, სამი თებერვალია დღეს, ერთი კვირა მაინც დასჭირდება კურორტებს რომ მოემზადოს. ასე მეორე დღეს ხომ ვერ გახსნი? 20 თებერვალს და პირველ მარტს გახსნილი კურორტი ჩვენ არაფერს აღარ გვიცვლის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან დასკვნა დადებული ნამდვილად არ არის, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი შეხვედრა გვქონდა. ჩვენი მხრიდან რაც იყო შესათავაზებელი შევთავაზეთ, გავიარეთ საკითხები. სიტყვიერი და სატელეფონო საუბრისას ეპიდემიოლოგებმა დაგვიდასტურეს თავისი დადებითი დამოკიდებულება ამ გეგმის მიმართ, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურისგან, რომლის კომპეტენციაც არის, უნდა გადაიგზავნოს უკვე გაწერილი გეგმა. შემდეგ უკვე ცენტრმა უნდა დაწეროს რეკომენდაცია და დადოს გეგმა. ჩვენ სამუშაო გეგმა გვაქვს. პუნქტობრივად კი გადავაგზავნეთ, მაგრამ გაწერილი მაინც სხვა არის, ნიუანსები იქნება ჩასასწორებელი. მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციისგან ამ გეგმას მაინც გადავაგზავნით, თუ იქნება წონადი არ ვიცი'' - განაცხადა შალვა აბრამიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში