ქართული პარლამენტის ისტორიაში უკვე მეორედ, დეპუტატები საკუთარ კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობას პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში უნდა დაიწყოს, პარალელურად სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. სხდომას დღეს პარტია "მოქალაქეების" ლიდერები პირველად ესწრებიან, და პირველივე საკითხი, რომელსაც მათი თანამონაწილეობით განიხილავენ, მანდატებია რაზეც არჩევნების შემდეგ თავადაც უარს ამბობდნენ. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პროცესის გაჭიანურებით "ოცნება" ვაჭრობის გაგრძელებას ცდილობს.