ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

26 იანვარი 2021, 17:15 1080 ნახვა

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან იმ პოზიციის, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავეს.

ისინი „ქართულ ოცნებას" მიმართავენ, დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, რადგან კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა.

„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ.

31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ „ოცნების“ მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.

მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა, უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე.

ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული.

ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერს: „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელი", „საქართველოს ლეიბორისტული პარტია", ბლოკი "ძალა ერთობაშია - პროგრესი და თავისუფლება",  ,,ნაციონალური მოძრაობა", „სახელმწიფო ხალხისთვის", "რესპუბლიკური პარტია". 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი