ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ - გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:29 1177 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს.

პრემიერმა, დღეს, ვიცე პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს დაავალა, რომ უახლოეს პერიოდში, ის დარგები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი, მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც მთავრობას აქვს.

"ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას საერთაშორისო საჰაერო ფრენების დაწყების და ამასთანავე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ.

ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად “, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში