პრეცედენტი არ მოიძებნება ადამიანს მესამე ვადით გაემარჯვებინოს და საკუთარი სურვილით ეთქვას უარი, ამ ფენომენს სჭირდება დაფასება - ღარიბაშვილი

11 იანვარი 2021, 17:49 1212 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მესამე ვადით გამარჯვების შემდეგ პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წასვლა, არის ფენომენი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ, შევაფასოთ და დავაფასოთ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეუძლებელია ერთი კომენტარით შეფასდეს ის დიდი ღვაწლი და სიკეთე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ მოიტანა.

''ალბათ უნდა გაიმიჯნოს მისი ქველმოქმედების საქმიანობა და პოლიტიკური მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგადად ძალაუფლება არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი ცდუნება, რომელიც ადამიანს შეიძლება გამოეცადოს. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მას არასოდეს არ მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს სხვა მმართველების შემთხვევაში ყოფილა. ჩვენ არაერთი ისტორია ვიცით.

მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იგი თავად მართავდა ამ ძალაუფლებას და თავად განაცხადა უარი. რაც მთავარია, იმ ფონზე, როცა უპრეცედენტო გამარჯვების შემდეგ, რეალურად ჩვენ  თუ გადავხედავთ ახალგაზრდა, თანამედროვე დემოკრატიის ისტორიას ამ 30 წლის განმავლობაში, იმის მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება, რომ ადამიანს გაემარჯვებინოს მესამე ვადით, ხელისუფლებაში დარჩა და ამის შემდეგ საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ამ ფენომენს რა თქმა უნდა, სჭირდება კარგად დაფიქრება, შეფასება და ამის შემდეგ დაფასება, რისიც მე მჯერა.

ადამიანი რეალურად 20 წელზე მეტია, საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახურება, როგორც საკუთარი პირადი ფინანსური რესურსებით, ასევე მისი პოლიტიკური მოღვაწეობით. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე იმ მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც სულ რაღაც ცხრა წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში