„ვაშინგტონ პოსტი“ ქართველ ქალ მოჭადრაკეებს ვრცელ სტატიას უძღვნის. „ქართველი ქალები, როგორც ჭადრაკის ლეგენდები საბჭოთა ეპოქაში – ახალგაზრდა თაობა „ლაზიერის გამბიტის“ დიდების კვალდაკვალ“ - ამერიკული გამოცემა სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს.
სტატია იწყება 17 წლის კატო ფიფიას ისტორიით. კატომ 2020 წლის ოქტომბერში მოსწავლეთა შორის სასკოლო ონლაინ-მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ქალთა ჭადრაკს ახალი წარმატება მოუტანა.
„ათწლეულების განმავლობაში პატარა საქართველო საერთაშორისო საჭადრაკო სცენაზე თამასას მუდმივად მაღლა სწევდა. ქართველ ქალ მოჭადრაკეებს დიდებისკენ მიმავალი გზა ნონა გაფრინდაშვილმა გაუკვალა, რომლის აღმაფრენას „ცივი ომის“ პერიოდში უმაღლესი საჭადრაკო მწვერვალებისკენ ერთგვარი პარალელები აქვს პოპულარული სერიალის - ‘’ლაზიერის გამბიტის’’ გამოგონილ პერსონაჟთან ბეთ ჰარმონთან“, - წერია გამოცემის გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სტატიის მიხედვით, ნონა 1978 წელს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. დედოფალი 79 წლის ასაკშიც ინარჩუნებს პოზიციებს. ის ახლაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია სენიორთა შორის.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებამ საბჭოთა ეპოქაში დიდი სტიმული მისცა ქალ მოჭადრაკეებს. ამის მაგალითად ჟურნალისტს ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის წარმატება მოჰყავს. ალექსანდრიამ სამჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ქალთა ჩემპიონატი, ვიდრე 20 წლის გახდებოდა. რაც შეეხება მაია ჩიბურდანიძეს, 1978 წელს ბიჭვინთაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში 17 წლის სპორტსმენმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, 37 წლის ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ნონასა და მაიას პირველი და უკანასკნელი მატჩი, სადაც ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულისთვის დაუპირისპირდნენ. მაია ჩიბურდანიძე ამ ტიტულს 13 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. სტატიაში მოხსენიებულნი არიან სხვა ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეები, მათ შორის, ნანა იოსელიანი. აღწერილია მათი გამარჯვებები, მიღწევები, საინტერესო ისტორიები და მათი მოღვაწეობის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეები, როდესაც ჭადრაკი „ცივი ომის“ ეპოქაში გეოპოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა და ქართველ ქალებს საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშისას დიდი სირთულეების გადალახვა უწევდათ.
ახალი თაობის წარმომადგენლებიდან „ვაშინგტონ პოსტი“ ყურადღებას ამახვილებს ისეთი წარმატებული მოჭადრაკეების კარიერაზე, როგორებიც არიან: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ნინო ხომერიკი. სტატიის ავტორი იმ დეტალსაც გამოარჩევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, გოგონები ჭადრაკით ბავშვობიდან ინტერესდებოდნენ და ხშირად სანთლის შუქზეც კი თამაშობდნენ.
სტატია ნონა გაფრინდაშვილის ციტატით სრულდება, სადაც ყველა დროის მსოფლიო ლეგენდა თავის ცხოვრებაში ჭადრაკის როლზე საუბრობს: „ჭადრაკი ჩემი ცხოვრებაა... თამაშის დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება“.