წყალში არ უნდა ჩაგვეყაროს ეს მონაპოვარი - ეკონომიკის მინისტრი შეზღუდვების შემსუბუქებაზე 

16 დეკემბერი 2020, 12:32 2090 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 24 დეკემბრამდე სავაჭრო ქსელებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება. 

ნათია თურნავას განმარტებით, ვირუსის შენელების კუთხით სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა და შეზღუდვების მოხსნით ეს მონაპოვარი წყალში არ უნდა ჩაიყაროს. 

,,გვაქვს პირველი მოკრძალებული ნიშნები, რომ ეპიდემიოლოგიური თალსაზრისით  სტაბილიზაციის ეტაპი არი. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ პოზიტიურ ნიშნებს, რაც წერტილოვანი შეზღუდვების პირდაპირი შედეგია და ასევე ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის. ამ შეზღუდვების ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა, სამედიცინო სექტორი ახლა უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და ''სული მოითქვა''. 

ჩვენ მართლაც არ გვეთმობა ეს მონაპოვარი და აქედან გამომდინარე ამ დღეებში პრემიერ მინისტრის დავალებით არასასურსათო ვაჭრობის ობიექტების  მფლობელებთან ვისაუბრებთ, რა გარანტიები არსებობს მათი  მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟი და წყალში არ უნდა ჩაგვეყაროს ეს მონაპოვარი, რაც ყველამ ერთად მოვიტანეთ ერთობლივი შრომით და შეზღუდვების შედეგად'' - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა უფრო მკაცრს შეზღუდვებსაც აწესებს, თუმცა საქართველო ასეთ მოდელს არ განიხილავს. 

,,ბევრი ქვეყანა საახალწლო პერიოდში მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი. დადგება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მილიონ ნახევარი ადამიანია გარდაცვლილი ვირუსით.  გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა ჩვენ შეზღუდვების ასეთ მოდელს არ განვიხილავთ, ასეთი საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც გაზაფხულზე უფრო მკაცრი შეზღუდვების პერიოდი იყო. 

კვლავ ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე, იმედი გვაქვს რომ ამ ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. 

ასევე მნიშვნელოვანია დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები თუ კი მოხდა 24-ში გახსნა და  როგორ იქნება ადამიანების ნაკადი მართული, როგორც მოლების ტერიტორიაზე  ასევე გარეთ'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში