წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლები გარე ვაჭრობას აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ მალფუჭებადი პროდუქტები არაჰიგიენურ მდგომარეობაში იყიდება და ტერიტორიაზე მუდმივად ანტისანიტარიაა. პრობლემა კი მათი თქმით, ქაფშიით ვაჭრობის შემდეგ გამწვავდა.
ამბობენ, რომ უსიამოვნო სუნის გამო ოთახების განიავებას ვერ ახერხებენ. გარემოვაჭრეები კი დახმარებისთვის სანდასუფთავების სამსახურს მიმართავენ, იმისთვის რომ ტერიტორია ყოველდღიურად დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩატარდეს. ამბობენ, რომ ეს მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ქაფშიით მოვაჭრეებს დღეს წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთი აფთიაქის მეპატრონეც დაუპირისპირდა, რომელიც მოვაჭრეებს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე გადასვლისკენ მოუწოდებდა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით გაფრთხილება არაერთხელ მიეცათ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი შესაძლოა ისინი დაჯარიმდნენ.