საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას აღიაროს მთიანი ყარაბაღი.
„საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. ჩვენ არ ვაღიარებთ მთიან ყარაბაღს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის სენატის რეზოლუცია დაგმეს ბაქოსა და ანკარაში. აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. აზერბაიჯანის პარლამენტმა კი მთავრობას საფრანგეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდა.