საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. მისი განმარტებით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ქართველ გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან და დაუპირისპირდნენ მათ, ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ.
მისივე განცხადებით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მელია და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, კახაბერ ალადაშვილი იყო.
„ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ, მათ შორის ვეტერანი ფეხბურთელებიც ქართველ გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან. დღეს, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე წუთები აქვს და ნამდვილი გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს არაფერ შუაში არ არის.
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შესაძლოა, დაუპირისპირდნენ მათ ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ, თუმცა ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი დიდი სინანულით არის განწყობილი“, - განაცხადა დავით მუჯირმა.