საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ან მემკვიდრეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა. საუბარია არუმეტეს 10 000 ლარზე. ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში გასაცემი თანხის ოდენობა არაუმეტეს 5 000 ლარით განისაზღვრა.
შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 6 ნოემბრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ვრცელდება პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის ბრძანებაში შევიდა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა. დაღუპულები ბაღდათის და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იყვნენ.