მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფების მოქმედების რაიონში საბრძოლო მასალები აღმოაჩინა და გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების ხმები, რომელიც დედაქალაქ სტეფანაკერტსა და მის მიმდებარე ტერიტორიებში ისმის, აღნიშნული საბრძოლო მასალების განადგურების შედეგად გამოწვეული ხმებია.
თავის მხრივ სომხეთს დაბომბვებში ადანაშაულებს კონფლიქტის მეორე მხარე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით დღეს დილიდან არტილერიის გამოყენებით იბომბება გორანბოის, ტარტარის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები. მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი დილით, 07:35 საათზე გახსნა.