სპეცოპერაცია ზუგდიდში მსოფლიო მედიაში

22 ოქტომბერი 2020, 16:09 906 ნახვა

ათობით მძევალი გაათავისუფლეს საქართველოს ბანკიდან , სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფები დაატყვევა. ზუგდიდში  განვითარებულ მოვლენებს ევრონიუსი აშუქებს. ხელისუფლებამ სპეც ოპერაცია ბოროტმოქმედის ბანკში შეჭრის შემდეგ დაიწყო აღნიშნავს ევრონიუსი და  პოლიციაში შესული საგანგებო ზარის ზუსტ დროსაც ასახელებს.  ევრონიუსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ  ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.  საქართველოს  ხელისუფლების განცხადებით, თავდამსხმელთან მოლაპარაკებები რთული და ხანგრძლივი იყო აღნიშნავს გამოცემა.  საქართველოს ბანკში მძევლების გათავისუფლების ოპერაციას აშუქებს თურქული მედია. სააგენტო ანადოლუ თვითმხილველების კომენტარებს აქვეყნებს და მათზე დაყრდნობით შეიარაღებული თავდამსხმელის გარეგნობას აღწერს და მის მოთხოვნებსაც აკონკრეტებს. გამოცემა სპეცოპერაციის დეტალებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ პოლიცია თავდამსხმელს ეძებს.   რადიო  თავისუფლება წერს, რომ სპეცოპერაცია გრძელდება. ამჯერად სამართალდამცველები გაქცეულ თავდამსხმელს ეძებენ. რამდენიმე საათიანი დაძაბულობის შემდეგ თავდამსხმელმა მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა. ბანკის შენობიდან რამდენიმე მძევლის თანხლებით და მოთხოვნილი თანხით გამოვიდა და უცნობი მიმართულებით გაემგზავრა. მან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მახლობლად ტყეში მძევლები გაათავისუფლა და ადგილიდან მიიმალა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა წერს რადიო თავისუფლება. ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაში მომხდარ ინციდენტს სხვა უცხოური გამოცემებიც აშუქებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში