აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუგდიდში, ''საქართველოს ბანკში'' მომხდარი თავდასხმის თვითმხილველს დაუკავშირდა. მზია ჭოჭუა ყვება, რომ ის შენობაში ბანკომატთან იდგა და თანხა შეჰქონდა, რა დროსაც ხმაური გაიგონა და შეიარაღებული პირი დაინახა.
მისი თქმით, მამაკაცი იგინებოდა და მოქალაქეებს მოუწოდებდა ადგილიდან არ დაძრულიყვნენ.
''ვიდექი რიგში შემქონდა თანხა და უცებ ხმაური გაისმა. მივტრიალდი და დავინახე კაცი ავტომატით, ტყვიებს ისროდა. იგინებოდა არ გაინძრეთო. ბანკომატი კარებთან ახლოსა არის და მე გარეთ გამოსვლა მოვახერხე. ბანკის ერთი თანამშრომელი იდგა და ისიც ჩემთან ერთად გამოვიდა. მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე იმ წუთას. მაღალი იყო, მხოლოდ თვალები უჩანდა. სახეს ვერ დაინახავდი'' - იხსენებს თვითმხილველი.
მაუწყებელი გიგა ნარმანიასაც ესაუბრა, რომელის მეუღლეც ბანკის აღნიშნულ ფილიალში მუშაობს და თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდა. ის უკვე გაათავისუფლეს.
გიგა ამბობს, რომ თავდამსხმელი ისროდა და ბანკის უფროსის მოადგილესთან შეხვედრასაც ითხოვდა.
''როგორც ჩემი მეუღლე ყვება თავდამსხმელი ძალიან აგრესიული იყო. მის თანამშრომელს ტყვია რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. ეს დიდი შენობაა, ბევრი ადამიანი მუშაობს, ხალხის ნაკადი იყო და თავდასხმის დროს ნაწილი ვერანდაზე ავიდა. ვერანდიდან სახანძრო კიბით პოლიციამ ჩამოიყვანა. სადღაც 15 ადამიანი, ნაწილი კი ისევ მძევლად ჰყავს. როგორც ვიცი ერთი თავდამსხმელია. ხელში იარაღი ეჭირა,რაღაც ასაფეთქებელიც. ეძებდა ბანკის უფროსის მოადგილეს, რომელსაც თანხის საცავთან აქვს წვდომა.
ჩემი ინფორმაციით ამ ეტაპზე 19 ადამიანი ყავს მძევლად, მათ შორის არიან მომხმარებლებიც, რომლებიც ბანკში იმყოფებოდნენ. ნაწილი კი თანამშრომელია'' - ამბობს გიგა ნარმანია.
საქართველოს ბანკის ფილიალში უკვე ორ საათზე მეტია თავდამსხმელი იმყოფება. მას მოქალაქეები მძევლად ჰყავს აყვანილი.
თავდამსხმელი, რომელიც ''საქართველოს ბანკში'' შეიჭრა ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.