აჭარაში სტაბილიზაცია შეინიშნება - ჯანდაცვის მინისტრი

14 ოქტომბერი 2020, 11:46 1681 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში სტაბილიზაცია შეინიშნება. 

'' აჭარაში სტაბილიზაცია კვლავ შეინიშნება და რეგიონში დღეს 189 ინფიცირებულია. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალაქში და არის 297 ახალი შემთხვევა. კვლავ კონტროლირებადი რჩება იმერეთი და 150 ინფიცირებულია. 

დღეის მდგომარეობით საწოლების მობილიზიების კუთხით კვლავ აქტიურად ვმუშაობთ და ამ ეტაპისთვის თავისუფალი საწოლები არის, თუმცა ეტაპობრივად კიდევ ჩაერთვებიან დამატებით კლინიკები და მობილიზებული იქნება საჭიროების შემთხვევაში 2000-მდე საწოლი. წარმატებულად მუშაობს ოჯახის ექიმების კონსულტაცია და ასევე კოვიდსასტუმროები. აქტიური პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს ბინაზე და სასტუმროებში. კლინიკაში ამ ეტაპზე 2200 პაციენტია'' - განაცხადა მინისტრმა. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებულების მატება არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს, რადგან პარალელურად ხდება პაციენტების გამოჯანმრთელება.

"ჩვენ ჯამში გვაქვს მობილიზებული 3500 საწოლი ამ ეტაპზე და 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. პაციენტები არიან ასევე სატრიაჟის სივრცეში, რომლებიც ან ელდოებიან კოვიდის პასუხს ან ექიმის დამატებით ჩარევას, იმისთვის, რომ საავადმყოფოში მათი გადანაწილება მოხდეს"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აჭარაში სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში აჭარა იყო, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა მაღალი მაჩვენებელი.

„დღევანდელი დილით 680 შემთხვევიდან, 189 არის აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28 პროცენტი. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე მოდიოდა ძირითადად 65-დან 70% პროცენტი ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ. დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, მთავარი სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა'' – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი