იუსტიციის სახლი დაჯავშნის სერვისის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტების გამო, 12 ოქტომბრიდან დაჯავშნის წესს ცვლის.
როგორც იუსტიციის სახლის განცხადებაშია აღნიშნული,ბოლო პერიოდში გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები. კერძოდ, რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ.
„როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 5 მაისიდან წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურება. იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად პირი ვიზიტს ჯავშნის მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ზე, რის შემდეგაც მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მას მისდის ვიზიტის დრო, ადგილი და სერვისის მისაღებად საჭირო საიდენტიფიკაციო კოდი.
ბოლო პერიოდში გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები. კერძოდ, რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით, ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ. აღნიშნული პირები, ფულადი თანხის სანაცვლოდ, მათ მიერ არაკეთილსინდისერად გაკეთებულ ჯავშანს აუქმებდნენ და მის ადგილას უკვე მოქალაქის მონაცემებით შევსებულ ჯავშანს აკეთებდნენ.
ზემოაღნიშნულის გამო, უკვე რამდენიმე დღეა, ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს პროგრამულ განახლებაზე და ორშაბათიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ my.gov.ge-ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება.
ამ დრომდე my.gov.ge-ზე გაკეთებულ ყოველ კონკრეტულ ჯავშანს თავისი, ერთმანეთისაგან განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი ჯავშნის მფლობელი არსებული ჯავშნის გაუქმების ხარჯზე ათავისუფლებდა კალენდარში მის მიერ დაკავებულ დროს და ქმნიდა სხვისი მონაცემებით შედგენილ ახალ ჯავშანს. ახლა კი სერვისის დაჯავშნისას, მიუხედავად ჯავშნის რაოდენობისა, ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო კოდი შეიქმნება და, შესაბამისად, მის გამოყენებას მხოლოდ ის ერთი პირი შეძლებს, ვის სახელზეც თავდაპირველად შეიქმნა ჯავშანი.
ამ ახალი პროგრამული ცვლილებით კეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება – ის იმავე პროცედურას გაივლის ჯავშნის გასაკეთებლად, თუმცა, პროგრამულად, ერთ დღეში სხვადასხვა სერვისის მისაღებად ერთი საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენება შეზღუდავს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობას.
აღნიშნულ ცვლილებაზე ციფრული მმართველობის სააგენტომ მყისიერად დაიწყო მუშაობა და დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილებები ორშაბათიდან ამოქმედდება.
როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი აგრძელებს განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას – როგორც მომხმარებლების, ისე იუსტიციის სახლის თანამშრომლების მხრიდან სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება, ასევე, მომსახურების სივრცეების ხშირი დეზინფექცია, თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, მომსახურების მაგიდებზე დამონტაჟებული შუშის ბარიერი და სხვა პრევენციული ღონისძიებები საშუალებას იძლევა, სერვისის მისაღებად მისულ პირებს დახვდეთ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო. მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების დიდი ნაწილი 5 მაისიდან დღემდე მუშაობს ყოველდღე, შაბათისა და კვირის ჩათვლით; ხოლო თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის ცხრა საათიდან ღამის 12 საათამდე გასცემენ მომსახურებას“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.