თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აჭარის მაუწყებელი დააჯარიმა

07 ოქტომბერი 2020, 13:20 1716 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის მხრიდან თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტს. დასაქმებულების ინტერესებს EMC იცავდა.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დაჯარიმდა არა როგორც მაუწყებელი, არამედ როგორც დამსაქმებელი. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას EMC ავრცელებს.

''სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა მაუწყებლის თანამშრომლების შოთა (ბაჩო) გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების საკითხი და დაადგინა, რომ 2020 წლის 30 ივლისს მაუწყებლის სატელევიზიო ეთერის ბადეში, გადაცემა „მთავარში“ კანონის დარღვევით გავრცელდა თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც მარტივად იყო შესაძლებელი განმცხადებლების იდენტიფიცირება'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა მაუწყებლის მიერ განმცხადებლების მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ მაუწყებელმა განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებით - მისი გავრცელებით, დაარღვიეს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას პრინციპების დაცვის ვალდებულება.

''ინსპექტორმა მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 44-ე მუხლის დარღვევისათვის. როგორც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ჩანს, სახელმწიფო ინსპექტორთან დაფიქსირებულ პოზიციაში აჭარის მაუწყებელმა უარყო „მთავარის“ ჟურნალისტებისათვის ვიდეო-მასალის გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ მათთვის უცნობი იყო, რა გზით მოიპოვეს ჟურნალისტებმა ვიდეო-მასალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიჩნია, რომ მიუხედავად მაუწყებლის რეპუტაციის დაცვის ინტერესისა, მაუწყებლის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად და მაუწყებელს შეეძლო რეპუტაციის დაცვა ვიდემასალის გასაჯაროვების გარეშეც.

სამსახურმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდა კანონიერი მიზნისათვის შეუსაბამო მოცულობით და არ იყო მიზნის შესაბამისი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა ითვალისწინებდა გაფრთხილების ან ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობას, სახელმწიფო ინსპექტორმა გაითვალისწინა სამართალდარღვევის ხასიათი, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოებები და მაუწყებელს ჯარიმის გადახდა დააკისრა'' - წერია განცხადებაში. 

ტელევიზიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელი ემზარ პაქსაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

''აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაგვბარდა მაუწყებელს. 10 დღის ვადა გვქვს, რომ გავასაჩივროთ. კანონით დადგენილ ვადაში მოხდება აღნიშნული პორცედურა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ​გასცდა თავის უფლებამოსილებას, იმიტომ რომ მოქმედი კანონდებლობით მისი კომპეტენცია არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ ინფორმაციის გავრცელებაზე. 

მოცემული შემთხვევაში პერსონალური მონაცემთა დაცვის საქართველოს კანონის მესამე მუხლი ამბობს, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა მედია-საშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე. მოცემულ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ მაუწყებელი ამ ინფორმაციის გავრცელების დროს სარგებლობდა სწორედ აღნიშნული დათქმიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი არ დარღვეულა. 

რაც შეეხება მაუწყებლის,  როგორც დამსაქმებლის მიერ ინფორმაციის გამოყენებას, აღნიშნულზე ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუმცა  სამწუხაროდ ჩვენი მოსაზრებით  უკანონოდ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახურმა არ  გააკეთა დიფერენცირება. არ გამოყო ერთმანეთისაგან  მაუწყებელი, როგორც დამსაქმებელი და მაუწყებელი როგორც მედია-საშუალება'' - აცხადებს ემზარ პაქსაძე. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში