აჭარაში შეზღუდვების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან დღევანდელი მონაცემები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
„ის შეზღუდვები, რაც დღეს აჭარაშია დაწესებული, არის მინიმალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რისი მიზანიც არის ადამიანების მობილობის შემცირება და უსაფრთხოება. შეზღუდვების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან დღევანდელი მონაცემები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა ამის საშუალებას. დავაკვირდებით მომდევნო დღეებს და ისევ ეპიდსიტუაციიდან გამოდინარე, ცენტრალურ დონეზე, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
დღეს ბათუმში, მოქალაქეთა ნაწილმა შეზღუდვების მოხსნისა და კომპენსაციების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, 25 სექტემბრიდან აჭარაში რესტორნები 22:00 საათამდე მუშაობენ. რეგიონში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აიკრძალება. სწავლა კი, ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.