დავით გარეჯთან დაკავშირებული წინა კომისია არაეფექტურად მუშაობდა  - ანდრია ჯაღმაიძე

30 სექტემბერი 2020, 19:35 1930 ნახვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის ძველმა სამთავრობო კომისიამ არაეფექტურად იმუშავა და ძალიან საეჭვო დასკვნები დაწერა.

საქართველოს საპატრიარქო პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, დავით გარეჯის მიწებთან დაკავშირებით, ნდობას უცხადებს.

„ვიდრე პროკურატურა გააკეთებდა განცხადებას, ჩვენ მთელი წელი კომენტარებში ვამბობდით, რომ წინა კომისია, რომელიც მადლობა ღმერთს, ახლა შეცვლილია, ძალიან საეჭვოდ მუშაობდა. იმ კომისიასთან არსებობდა შეკითხვები, რომ საეჭვო იყო ამ კომისიის მოტივაცია და საფუძვლები. ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზეც, რომ კომისიის შემადგენლობა იწვევს ძალიან დიდ ეჭვს და კომისიის გადაწყვეტილებები ქვეყნის საზიანოდ იქნა მიღებული. ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, რომ სიწმინდის გაყოფა მოხდა ასე წინასწარ შემუშავებული სასაზღვრო ხაზით. ჩვენი გულისტკივილია, რომ ვერ ვახერხებთ ვერც სასულიერო პირები და ვერც მრევლი მისვლას ჩვენს მონასტრებში“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოძიების დაწყებას საფუძვლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია დაედო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას შეეხებოდა.

პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში