აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე დაინიშნა

30 სექტემბერი 2020, 11:16 4191 ნახვა

აჭარის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. დღეს სხდომას ესწრება გიორგი სურმანიძე, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ის კოლეგებს  დღეს წარადგინა. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ გიორგი სურმანიძეს სოფლის მეურნეობის სფეროში 12 წელია მოღვაწეობს. 4 წლის განმავლობაში კი ამერიკაში მუშაობდა.

მოქმედი მინისტრი ტიტე აროშიძე ''ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ის მინისტრის პოზიციაზე 2018 წლიდან მუშაობდა. 

''ტიტე აროშიძე აქტიურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში. მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე წარგიდგინოთ ახალი მინისტრი, გიორგი სურმანიძე, რომელიც  12 წლის  განმავლობაში მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის სფეროში. ის დაგვიბრუნდა ამერიკიდან, სადაც მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის ლოჯისტკის და კვების ინდუსტირიაში. დარწმუნებული ვარ ახლებური და ინოვატორული მიდგომებით  კიდევ უფრო გააძლიერებს სოფლის მეურნეობის დარგს. და რაც მთავარია პირველივე დავალება იქნება, რომ ორგანიზებულად მოხდეს ნარინჯისფერი რთველის დაგეგმა და არცერთი კილოგრამი მანდარინი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

გიორგი სურმანიძემ დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობა.

ბოლო ოთხი წელია ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოთ კალიფორნიაში, სადაც მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო სოფლის მეურნეობასა და საკვებ ინდუსტრიასთან. სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სტარტაპების განვითარებაში. წლების განმავლობაში იყო სხვადასხავა მიზნობრივი პროგრამების კომისიის წევრი, ასევე უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

გიორგი სურმანიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელშიც მუშაობდა. მისი ავტორობით შექმნილია გადაცემა „მე ვარ ფერმერი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში