ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს

15 სექტემბერი 2020, 12:57 2556 ნახვა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა აქცია გამართეს. ეს მათი რიგით მე-7 აქციაა. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩაზე ჯერ საავტომობილო მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი "ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. 

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გუშინ დახურულ კარს მიღმა ისინი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ. მათივე თქმით, ჯაბა ფუტკარაძე მათ ბანკებთან რესტრუქტურიზაციის პროცესში დახმარებას დაჰპირებდა.

"რესტრუქტურიზაციის პროცესი არ ეხება პროცენტის სრულ სუბსიდირებას და თანხის გადავადებას. გვითხრა რომ, ჩვენი დახმარება შესაძლებელია "აწარმოე საქართველოს"ფარგლებში, თუმცა დაფინანსება შერჩევით მოხდება. ჩვენი მოთხოვნაა დაფინანსება შეეხოს ყველა კატეგორიას, განურჩევლად თანხის გამოტანის მიზნობრიობისა"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ხვდება. შეხვედრა ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. მირიან ქათამაძის განცხადებით, საკითხის მოგვარებაში ჩართულია როგორც რეგიონული, ისე ცენტრალური მთავრობა და შედეგი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბანკო სექტორთან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მერის დაპირების არ სჯერათ, რადგან არაერთი შეხვედრის მიუხედავად მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

​აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ ჩამოვა და მათ არ შეხვდება. მათი თქმით შარშან "გავრილოვის ღამის", წელს კი პანდემიის გამო სეზონი ჩაუვარდათ. ბანკებთან არსებული ვალდებულებების გამო ისინი საცხოვრებელ ფართებს კარგავენ.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოს ბანკებთან შუამდგომლობას, ერთი წლით გამოტანილი თანხის გადავადებას, საპროცენტო განაკვეთის კი სრულ სუბსიდირებას თხოვენ.

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი