ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა ხვალ დისტანციურად დაიწყება - თორნიკე რიჟვაძე

14 სექტემბერი 2020, 15:17 6067 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ხულოში, შუახევსა და ქედა სწავლა ხვალ, 15 სექტემბერს საკლასო ოთახების ნაცვლად, დისტანციურად დაიწყება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მაღალმთიანეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია რესურსცენტრის თანამშრომელი. 

მისივე განცხადებით, აჭარის ყველა რეგიონში სწავლა საკლასო ოთახებში პირველ ოქტომბერს დაიწყება. 

''დაგვიფიქსირდა კორონავირუსის ერთი შემთხვევა აჭარის მაღალმთიანეთის ერთ-ერთ რესურსცენტრში.  შესაბამისად დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხულოში, შუახევსა და ქედაში ხვალ სწავლა დისტანციურად დაიწყება. განათლების სამინისტრო მუშაობს და მათ აქვთ დავალებული სასწავლო დაწესებულებებში სრულ მზადყოფნაში მოიყვანონ, როგორც ტექნიკური ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები. სკოლების დიდი ნაწილი მზად არის საკლასო ოთახებში განახლდეს სწავლა, მაგრამ მომატებული ეპიდრსიკების გათვალისწინებით აჭარაში, საკლასო ოთახებში  სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება. სამინისტრომ სკოლებს უკვე მიაწოდა წიგნები და ბუკები.  მიმდინარე კვირაში მისი დარიგება დაიწყება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლება თავდაპირველად ბათუმსა და ქობულეთში გადაწყდა, შემდეგ კი მსგავსი რეგულაცია გავრცელდა ხელვაჩაურზეც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში