ბათუმში, „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურის მიმდებარედ უფასო ტესტირებისთვის კარვები დაიდგმება

09 სექტემბერი 2020, 11:16 2574 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, დღეს, 9 სექტმებერს, ბათუმში, „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო ტესტირებისთვის კარვები დაიდგმება.

სავაჭრო ობიექტის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ''ხოფის ბაზრობა'' არ გაიხსნება, სანამ ტესტირების პროცესი არ დასრულდება.

რუსუდან შავიშვილის თქმით, გაფართოებულმა ტესტირებამ კარგი შედეგი გამოიღო, ამიტომ კარვების დამატების გადაწყვეტილება მიიღეს. 

''კარვებში და პოლიკლინიკებში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა და დაამტკიცა, რომ გამოვლენა არის მაღალი. ამიტომ დამატებითი კარვები გაიხსნება. ლაბორატორიული სიმძლავრეები ამ მიმართულებით ძლიერდება, რათა  დროულად შევძლოთ შედეგების მიწოდება მოქალაქეებისათვის. მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომლებიც გაიტესტებიან, სამი დღის განმავლობაში იყვნენ  იზოლაციაში, სანამ პასუხს არ  მიიღებენ'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. 

ამ დრომდე ბათუმში კარვებში ტესტირება მიმდინარეობს ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე, კოლონადებთა, ანბანის კოშკთან და აჭარული სახლის მიმდებარედ. ასევე მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ტესტირება ჩაეტარებინათ რამდენიმე პოლიკლინიკაში. 

აღნიშნულ კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ:

 N1 პოლიკლინიკა

 N4 პოლიკლინიკა

 საოჯახო მედიცინის ცენტრი,

 თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი

 ევექსის ბათუმის ამბულატორია

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში