ახალი კოვიდ კერები აჭარაში 

08 სექტემბერი 2020, 12:06 2406 ნახვა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში რამდენიმე ახალი კოვიდკერა გაჩნდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდგინა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს. რის გამოც უწყებამ მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. 

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გუშინ რამით მოხდა შენობის დეზინფექცია. ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის და გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს. 

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერით ემსახურებოდა. 

კიდევ ერთი კერა - ე.წ. ხოფის ბაზრობაა, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოვაჭრეების ტესტირება. 8 სექტემბრის მონაცემებით ვირუსი დადასტურებული აქვს სამ მოქალაქეს. ისინი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციებში მუშაობდნენ. შეხება ჰქონდათ ათობით ადამიანთან. ამიტომ ბაზრობა დაკეტილია და საბოლოო პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი მუშაობის განახლების თარიღი. 

ასევე ცოვიდ-19 დაუდგინდა ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს. პირი მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში. თანამშრომლებს უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შენობაში განხორციელება დეზინფექცია.

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სხვა შემთხვევები უკვე დადასტურებულ პირებთან კონტაქტებს უკავშირდება.

რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებულებს შორისაა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმაც, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია ''დონასთან''. მას პირველი ტესტი პასუხი უარყოფითი ჰქონდა განმეორებითმა კი დადებითი შედეგი აჩვენა.  

შავიშვილის განმარტებით, მინისტრს ბოლო პერიოდის განმავლობაში ძმასთან კონტაქტი არ ჰქონია. 

და კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც პედაგოგს უკავშირდება. კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სკოლასთან და მისივე კოლეგეეთან.

დღეს, 8 სექტემბერს საქართველოში covid-19 45 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდული ციფრია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში